ბაკალავრიატი

უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე - ბაკალავრიატში სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხორციელდება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესის შესაბამისად.
სტუდენტის სტატუსის მოპოვებისათვის პირი ვალდებულია გაიაროს ერთიანი ეროვნული გამოცდები  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად და აბიტურიენტთა ქულების რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე მოიპოვოს უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება.

ჩარიცხვის პროცედურა

აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით გაიარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, უნივერსიტეტის მიერ აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში, მიმართავს უნივერსიტეტს განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
 

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • საშუალო სკოლის დამთავრების ატესტატი (დედანი) ან პროფესიული განათლების დიპლომი (დედანი)
  • ფერადი ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3 X 4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)

 

აბიტურიენტის განცხადების და მასთან დადებული სასწავლო ხელშეკრულების საფუძველზე უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს ბრძანებას უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ.

უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება  ჩარიცხვის თაობაზე იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

აბიტურიენტი, რომელიც ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში არ წარმოადგენს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ საგანმანათლებლო დოკუმენტს ან სამხედრო გაწვევას დაქვემდებარებული აბიტურიენტი, რომელიც არ წარმოადგენს სამხედრო მიწერის მოწმობას, შესაძლებელია ჩაირიცხოს უნივერსიტეტში  მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტაციის უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარმოდგენის პირობით. დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ჩარიცხვის ბრძანება უქმდება შესაბამისი აბიტურიენტის ჩარიცხვის ნაწილში.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების მომსახურეობა

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს ყველა სტუდენტისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად.

სპეციალური  საგანმანათლებლო  საჭიროების  მქონე სტუდენტებისათვის უნივერსიტეტში შექმნილია  შესაბამისი  ადაპტირებული გარემო, რათა მათ სხვა სტუდენტებთან თანაბარ პირობებში შეძლონ სრულფასოვანი განათლების მიღება.

უნივერსიტეტის ოთხსართულიან შენობაში სამ სართულს გასდევს სპეციალური საჭიროების მქონე პირების გადაადგილებისათვის განკუთვნილი სავარძლისათვის სპეციალური ასასვლელი (პანდუსი). უნივერსიტეტის შენობის მე-2 სართულზე არსებობს რესურს - ოთახი - ადაპტირებული სველი წერტილით, ყველა დანარჩენი სტუდენტის მსგავსად მათთვის ბიბლიოთეკისა და კომპიუტერული კლასით სარგებლობის საშუალება.